მკვლელობა ირანში

ირანში უსაფრთხოების ძალებმა 15 წლის სკოლის მოსწავლეს, ასრა ფანაჰის სცემეს, რის შემდეგაც გოგონა დაიღუპა. ინფორმაციას არდებილის მასწავლებელთა კავშირი ავრცელებს. მათ ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა სკოლაში რეიდი მოაწყვეს და სკოლის მოსწავლეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადგან ზოგიერთმა მათგანმა ირანის სულიერი ლიდერის სადიდებელი ჰიმნის შესრულებაზე უარი განაცხადა. ირანის ხელისუფლება ინფორმაციას უარყოფს, ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით კი, სკოლის მოსწავლეს გულის პრობლემა ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება არდებილის საშუალო სკოლაში გოგონებს უკანონოდ აიძულებდა მონაწილეობა მიეღოთ პროსამთავრობო ღონისძიებაში. ინციდენტის შედეგად შვიდი მოსწავლე დაშავდა, 10 კი დააკავეს. ასრა ფანაჰის გარდაცვალებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.