ორმხრივი სროლა ვერაზე, ერთი მოკლული და ორი დაჭრილი – პირი, რომელმაც გუშინ გოგებაშვილის ქუჩაზე საბა გახოკიას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, დაკავებულია. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს თანამშრომელია.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მას შემდეგ გაისროლა, რაც გახოკიამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნათესავს ქვედა კიდურების მიმართულებით რამდენჯერმე ესროლა. გივი მარგველაშვილთან ერთად დაიჭრა შემთხვევით გამვლელიც. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული, თუმცა დაკავებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ თავდაცვის მიზნით მოქმედებდა. დაჭრილი მარგველაშვილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. არსებობს დანაშაულის ამსახველი კადრები, რომლებიც სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. თავდასხმის სავარაუდო მოტივად წარსულში მომხდარი კონფლიქტი სახელდება.