ცნობილ მხატვარს, მამუკა ცეცხლაძეს ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემია გადაეცა. მამუკა ცეცხლაძე პირველი ქართველი ხელოვანია, რომელმაც საქართველოში 1988 წელს შეასრულა მხატვრული პერფორმანსი. მხატვარს პრემია ზურაბ რთველიაშვილის მეუღლემ, ნინო ამირეჯიბმა გადასცა. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების კედლებზე, „ალტერნატიულ კულტურულ სივრცეში N12“ ზურაბ რთველიაშვილის საუკეთესო პერფორმანსების ინსტალაცია აჩვენეს, ასევე დაიდგა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი „მარგო კორაბლიოვას თეატრის“ პერფორმანსი, ხოლო ღონისძიების დასასრულს, „ახმეტელის თეატრის“ მსახიობებმა წაიკითხეს ზურაბ რთველიაშვილის პიესა „ქვემოდან ზემოთ“.