საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მეხუთე როტაციას განახორციელებს. სამხედრო მოსამსახურეები ალექსეევკას სამხედრო აეროდრომიდან თავდაცვის მინისტრმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა გააცილეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა მათ მხარდაჭერა აღუთქვა და სამშვიდობო მისიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეულის ჯარისკაცები, კაპიტან მალხაზ აბაშიძის მეთაურობით, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა „უკა-ტექსზე“ შეასრულებენ. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენს.