მთავარი პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრში პარლამენტია.
საკანონმდებლო ორგანოში დღეიდან მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. ხუთშაბათს პარლამენტმა პრემიერობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს და მხოლოდ ერთი მინისტრით განახლებულ კაბინეტს ნდობა უნდა გამოუცხადოს. განსაკუთრებული ყურადღება დღეს ირაკლი ჩიქოვანისკენ იყო მიმართული. თავდაცის მინისტრად წარდგენილი ყოფილი დეპუტატი მომავალი მთავრობის ერთადერთი ახალი სახეა. მინისტრობის კანდიდატმა გამოსვლის დროს აქცენტი საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ჯარის მოდერნიზაციაზე გააკეთა.
პარლამენტარებს გატარებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა. შოვის ტრაგედია, სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საქმის ძიება, ომის შემდეგ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების სტატისტიკა – დაისვა მწვავე შეკითხვებიც.
ოპონენტთა კრიტიკის გარეშე არც იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის გამოსვლას ჩაუვლია.