პარლამენტი თითქმის ცხრა საათის განმავლობაში ვახტანგ გომელაურს უსმენდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ დეპუტატების მთავარი კითხვები უკრაინაში მიმდინარე ომს, საქართველოს საზღვარზე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას, ხელისუფლების გზავნილებს და უსაფრთხოების კონტროლს ეხებოდა. გაირკვა, რომ 27 თებერვალს, ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, უსაფრთხოების საბჭოს სხდომა იყო მოწვეული. ეს იყო გომელაურის პირველი საპარლამენტო გამოსვლა მას შემდეგ, რაც რვა თვის წინ საკანონმდებლო ორგანოში 5 ივლისის მოვლენებზე სასაუბროდ მისული მინისტრის მოსმენა ჩაიშალა. გომელაურს დღეს 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზეც ჰკითხეს. მინისტრის ფორმატში მიმდინარე გამოსვლის დროს სხდომათა დარბაზში სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა. ერთმანეთს მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლები არაერთხელ დაუპირისპირდნენ. იყო წარსულის გახსენება და მწვავე ურთიერთბრალდებები.