მინიმალური ხელფასი მედპერსონალისთვის

ექიმებისა და ექთნების შემდეგ, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება სამედიცინო სფეროში დასაქმებულ სხვა პერსონალსაც დაენიშნება. საუბარია სანიტრებზე, უმცროსი ექიმის, ექთნის დამხმარესა და ექთნის თანაშემწეებზე, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე სტაციონარებში არიან დასაქმებულები. ცვლილებების ახალი პაკეტი უკვე შემუშავებულია და ის კლინიკების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცნეს. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩაიხსნება.