მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.
ხელისუფლებისთვის მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ ოჯახი ხვალიდან საპროტესტო აქციებს იწყებს. პირველი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიგეგმა. მთავარი მოთხოვნა საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა.
ექს-პრეზიდენტის ოჯახის წევრები პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე და მოსალოდნელ მძიმე შედეგზე საუბრობენ. სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან ერთ-ერთ არგუმენტად ანორექსიის გამო საკვების ვერ მიღება და სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სამედიცინო ექსპერტთა დასკვნა სახელდება. ექს-პრეზიდენტის გუნდი ხელისუფლებას ჯანდაცვის წინა მინისტრის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის ხელახლა მოწვევას სთხოვს, თავად სააკაშვილი კი „ქართული ოცნების“ ექიმ დეპუტატებს მისი მონახულებისკენ და მონიტორინგისკენ მოუწოდებს. ხელისუფლება ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დაცულად, ოპონენტების და ოჯახის განცხადებებს კი პატიმრობისგან თავის ასარიდებელ სპეკულაციად აფასებს.