საქართველოში დაბრუნებას აპირებს, თუმცა, ბრძოლას უკრაინის მომავლისთვისაც გააგრძელებს – ასეთი გეგმები აქვს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა და საქართველოში დაბრუნება კიდევ ერთხელ დააანონსა. მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებამ, როგორც თავად აცხადებს, მისი უკრაინელი მეგობრები დაამწუხრა, ყოფილი თანაგუნდელები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ დაბრუნებაზე უკვე მრავალჯერ გაკეთებული უშედეგო განცხადებები ახლა წყალს მმართველი გუნდის წისქვილზე ასხამს.
განსხვავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, სადაც მოქმედი ხელისუფლების ცვლილებისთვის მთავარ ფაქტორად სწორედ მიხეილ სააკაშვილს ასახელებენ და მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილავენ. დაბრუნებაზე საუბრისას უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებს ახსენებენ და ამბობენ, რომ დაბრუნების შემთხვევაში, მას სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების საფუძველზე პატიმრობა ემუქრება.