„აშშ-ი შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებთან“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მილერის თქმით, შტატები სანქციებს უწესებს საქართველოს მთავრობის ორ მაღალჩინოსანს და ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფის ორ ლიდერს. ასევე სავიზო შეზღუდვები წესდება 60-ზე მეტ პირზე, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციულ ან სხვა ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ამერიკის ეს გადაწყვეტილება არის საქართველოსთან ყველა ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის შედეგი, რაც გამოწვეულია მუდმივი ანტიდემოკრატიული ქმედებებით და საქართველოს მთავრობის წევრების მხრიდან მცდარი განცხადებებით. 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ კი მილერმა განაცხადა, რომ საქართველოს ბოდიში არ აქვს მოსახდელი რუსეთის შეჭრის გამო. მილერმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება იმ გზას, რომელსაც მისი ხალხი ირჩევს.