მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის 60 ადგილი დღეს ცარიელი იყო.

ბოიკოტის ძალაში დატოვების მიუხედავად, მმართველი გუნდის პროგნოზები მაინც ოპტიმისტურია. „ქართულ ოცნებაში“ ვარაუდობენ, რომ ოპონენტთა ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში მაინც შევა. მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციას ამჯერად უკვე პარლამენტის ტრიბუნიდან დღეს პოლიტიკური პროცესების საკანონმდებლო ორგანოში გადატანისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა ფაქტია, რომ ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების ოთხი რაუნდი უშედეგო აღმოჩნდა და პარლამენტის შეკრებამდე მხარეებს შორის კომპრომისული შეთანხმება მხოლოდ სურვილად დარჩა. ასეთი შედეგის გამო წუხილს გამოთქვამენ აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებიც, რომლებმაც ერთობლივ განცხადებაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შეთანხმების მიღწევისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და პროცესში შუამავლობის მზადყოფნაც დააფიქსირეს.