მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა ოპოზიციის გარეშე დაიწყო. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებიდან საკანონმდებლო ორგანოში დღეს არცერთი შევიდა. საპარლამენტო არჩევნებიდან თვენახევრის თავზე შეკრებილ პარლამენტში საპარლამენტო თანამდებობები უკვე გადანაწილებულია. უმრავლესობას ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ 90-კაციან ფრაქციას კი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. სპიკერის პოსტი უკვე მეორედ არჩილ თალაკვაძეს ერგო. სესიის დროს დარბაზში ისხდნენ ელჩებიც, მათ შორის კელი დეგნანი. „დავიღალეთ ერთ წრეზე ბრუნვით“, – ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზავნილი პრეზიდენტის, რომელმაც დღევანდელი სხდომა თითქმის ნახევარსაათიანი მიმართვით გახსნა.
საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას უხუცესი დეპუტატი, ლადო კახაძე უძღვებოდა. საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილების არჩევნების საბოლოო შედეგები ცესკო-ს თავმჯდომარემ გააცნო. სამანდატო კომისიის გადწყვეტილების შემდეგ კი პარლამენტმა დეპუტატების უფლებამოსილება ცნო. შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტის წევრებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უფლებამოსილება შეუწყდათ. პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად ორკვირიანი ვადა აქვს.