მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახალი რეფორმა იგეგმება
მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით რეფორმის დაწყებას გეგმავს ეკონომიკის მინისტრი. საუბარია ფონდის შექმნაზე, რომელიც კომერციული ბანკებისთვის ბიზნესის მიერ აღებული სესხის გარანტორი იქნება.
საკითხზე დღეს ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოში ვიზიტად მყოფი თურქეთის ხაზინის წარმომადგენლები, ეროვნული ბანკისა და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
თურქეთის დელეგაციამ საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ახალი რეფორმა სექტორის მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანია.