მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ამ წუთებში განიხილავენ ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. ცვლილებების მიხედვით, „მაუწყებლობის შესახებ” კანონს „პასუხის უფლების“ შესახებ ჩანაწერი ემატება და „პასუხის უფლება“ ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ რომელიმე მედიის ეთერში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გავიდა. ამასთან, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება იკრძალება.

საპარლამენტო ოპოზიცია დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ევროპის სტანდარტების საფარქვეშ კრიტიკული მედიის შევიწროება და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის ახალი სადამსჯელო ფუნქციის მინიჭება ხდება. ოპონენტების ბრალდებებს მმართველ გუნდში უარყოფენ და კანონპროექტის დაინიცირების მოტივად, შესაბამის ევროდირექტივას ასახელებენ.