მასშტაბური შეწყალების აქტი ირანში

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ 10-ათასობით პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის ბოლო ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაკავებულებიც არიან. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, შეწყალებას დაექვემდებარებიან ის პატიმრები, რომლებსაც არ აქვთ ბრალი წაყენებული ჯაშუშობაში, უცხოურ აგენტებთან პირდაპირ კონტაქტებში, განზრახ მკვლელობის ჩადენასა და სხეულის დაზიანებაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში და რომელთა საქმეზე არ არის კერძო მოსარჩელე. აიათოლა ალი ხამენეიმ პატიმრების შეწყალება 1979 წლის ისლამური რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით გამოაცხადა. ადგილობრივი უფლებადამცველების ინფორმაციით, სექტემბერში ზნეობის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლების დროს, ირანში 20 ათასამდე ადამიანი დააკავეს.