პარლამენტი კიდევ ერთი სადავო კანონპროექტის განსახილველად ემზადება.
ევროკომისიის მესამე პუნქტზე ოთხთვიანი მუშაობა დასრულდა. „ქართულ ოცნებას“ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მზად აქვს. განხილვა დიდი ალბათობით ხმაურიანად ჩაივლის, რადგან წარდგენილ ექვს ცვლილებას სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის საკმარისად არც ერთი ოპოზიციური პარტია არ მიიჩნევს. მათ შორის არც ის ოპონენტები, რომლებიც ხელისუფლების მიერ შექმნილ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში ჩართულები იყვნენ. პარლამენტში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების ვალდებულების შემოღება და რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნის წესის შეცვლა ინიცირებული ცვლილებების არასრული ჩამონათვალია. პირველი მოსმენის შემდეგ ხელისუფლება გეგმავს, რომ პროექტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას და ეუთო-ოდირს მიაწოდოს.