მართლმადიდებელი ეკლესია ​ფერისცვალებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა ტარდება. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას უწმინდესის თანამოსაყდრე, მეუფე შიო და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მელქისედეკი მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენენ.

ფერისცვალება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძარში ხილი იკურთხება. როგორც ცნობილია, იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს, თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა.