მარინ ლე პენს პატიმრობა ემუქრება. პროკურორებმა მოითხოვეს, რომ ფრანგი მემარჯვენე კანონმდებელი მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნონ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში, მიესაჯოს პატიმრობა და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აეკრძალოს საჯარო თანამდებობაზე კენჭისყრა. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს. გამოცემის ცნობით, თუ სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა, ლე პენი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ლე პენი, მისი პარტია „ნაციონალური გაერთიანება“ და კიდევ 24 პირი, მათ შორის მოქმედი და ყოფილი ფრანგი პარლამენტარები და ევროპარლამენტარები ბრალდებული არიან ევროპარლამენტის კუთვნილი სახსრების უკანონოდ გამოყენებაში. კერძოდ, მათ ადანაშაულებენ პარტიული საქმიანობისთვის საპარლამენტო ასისტენტების დაქირავებაში. პროკურორებმა მოითხოვეს, რომ ლე პენს მიესაჯოს ყველაზე მკაცრი სასჯელი, რადგან დანაშაულის ჩადენის პერიოდში ლე პენი იყო როგორც ევროპარლამენტარი, ასევე პარტიის ლიდერი. პროკურორები ლე პენის ხუთი წლით დაპატიმრებას და 300 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდას ითხოვენ. განაჩენი კი მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება.