მარიკა ლორთქიფანიძე

ადამიანმა უპირველესად თავისი ქვეყნის ისტორია უნდა იცოდეს, რომ შემდეგ სხვა ქვეყნის ისტორია გაიგოს,-ამბობდა მარიკა ლორთქიფანიძე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

ცნობილი ისტორიკოსი, პროფესორი და აკადემიკოსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 70 წლის განმავლობაში მუშაობდა და ამ დროის განმავლობაში არაერთი თაობა აღზარდა.

ლექციების კითხვის პარალელურად, დაკავებული იყო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობით, არის 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის და 10 წიგნის ავტორი. მისი სახელი ქვეყნის უახლესი ისტორიის არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება.

მარიკა ლორთქიფანიძის სახელი შეტანილია აშშ-ის ბიოგრაფიულ ლექსიკონში სახელწოდებით ვინ ვინ არის, ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტმა მას 20 წლის წინ გამორჩეული ადამიანის ტიტული მიანიჭა, ამავე ინსტიტუტმა, კემბრიჯის ინტერნაციონალური ბიოგრაფიის ცენტრთან ერთად, ცნობილი ისტორიკოსი მე-20 საუკუნის გამოჩენილ ქალბატონად დაასახელა.