მარცვლეულის კრიზისი

ათეულობით ქვეყანა მარცვლეულის კრიზისის საფრთხის წინაშეა.

მარცვლეულის შავი ზღვის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლა მსოფლიო დღის წესრიგის მთავარი თემა ხდება. რუსეთის საოკუპაციო ძალების თავდასხმის სამიზნედ იქცა ოდესის პორტიც, საიდანაც უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემები სასურსათო პროდუქციით სხვადასხვა ქვეყანას ამარაგებდნენ. ვაშინგტონის და ბრიუსელის მძიმე რეაქციის და არაერთი მოწოდების მიუხედავად, მოსკოვი პოზიციის გადახედვას არ აპირებს და საკუთარი სასუქის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის დაბრკოლებების არგუმენტით შეთანხმების ფარგლებში დაბრუნებას არ გეგმავს. მეტიც, კრემლი იმუქრება და დასავლეთს აფრთხილებს, რომ მისი მონაწილეობის გარეშე შავი ზღვის დერეფანში უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირება უსაფრთხო ვეღარ იქნება. საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიო ლიდერები ახლა უკრაინული პროდუქციის ტრანსპორტირების ალტერნატიულ გზებს ეძებენ. ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ღარიბი ქვეყნები დგანან, რომლებიც შესაძლოა შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდნენ.

შენარჩუნდება თუ არა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შარშან თურქეთის და გაერო-ს შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმება, რომლითაც რუსეთის მიერ შექმნილი საზღვაო ბლოკადა მოიხსნა და უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირება აღდგა – ანკარა მოსკოვთან მოლაპარაკებას აანონსებს.