ოპოზიციონერთათვის მანდატების გაუქმების საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში დაწყებული მსჯელობის პარალელურად, ოპოზიციაში აცხადებენ, არ იცვლება მათი გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები ცნობილია და მათი სამომავლო სტრატეგია მხოლოდ ამ მოთხოვნების შესრულებისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაა. ოპოზიციაში საუბრობენ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებითაც.
მანდატზე უარის მთქმელი ოპოზიციონერების საკითხის საკომიტეტო მოსმენა 27-28 იანვარს უკვე გაიმართა, ამ საკითხის კენჭისყრა ორი თებერვლის სესიაზეა დაგეგმილი, თუმცა ჯერ უცნობია როგორი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ორ თებერვლამდე გაიმართება უმრავლესობის სხდომა, სადაც პოზიციებს შეაჯერებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ მოიქცევიან კენჭისყრაზე, – იქნება ეს თავისუფალი კენჭისყრა და ყველა დეპუტატი ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებს თუ მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას.