გლობალური ქაოსი – „მაიკროსოფტის“ პროგრამული უზრუნველყოფის გათიშვამ მსოფლიოს მასშტაბით არაერთი პრობლემა შექმნა.
ავსტრალიაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში გაუქმდა ასობით ავიარეისი. თვითმფრინავებს ვერ იღებდა ბერლინის აეროპორტიც, მათ შორის იყო ქუთაისი-ბერლინის რეისიც. „ვიზეარის“ საჰაერო ხომალდი გერმანიის ნაცვლად პოლონეთის ქალაქ პოზნანში დაეშვა. გლობალური გათიშვის გამო ეთერში ვერ გავიდა რამდენიმე საერთაშორისო ტელემაუწყებელი, შეფერხდა სუპერმარკეტების, უმსხვილესი ბანკებისა და საფონდო ბირჟების მუშაობა. როგორც კომპანია „მაიკროსოფტში“ აცხადებენ ამ დროისთვის პრობლემა ნაწილობრივ აღმოფხვრილია.