მაიკო კობახიძე თეატრსა და ცხოვრებაში

ბოლოს გარდაცვალებამდე ორჯერ ვნახე თბილისში: ჯერ  ეროვნულ ბიბლიოთეკაში  სერგო ფარაჯანოვის საღამოზე, მერე კი ხელოვნების სასახლეში პიერ და ბადრი კობახიძეებისადმი მიძღვნილ ფეშენებელურ გამოფენაზე. ღმერთო ჩემო, რა მშვენიერი იყო, რა ლაღი, რა ბედნიერი. როგორ ბრწყინავდა და ხარობდა. ვინ იფიქრებდა, რომ  ერთი წლის მერე აღარ  იქნებოდა.

სანამ მაია კობახიძის მოგონებას უდიდესი  გულისტკივილით განვაგრძობ, ერთ საკითხს შევეხები. დღეს, როცა თანამედროვე სამყაროში ესოდენ მძლავრობს მხოლოდ პირად ხეირსა და გამორჩენაზე გათვლილ ურთიერთობათა ბუღალტერია; როცა ადამიანი ადამიანისთვის, ფაქტობრივად, მგლად იქცა, წარსული ხშირად მახსენებს თავს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იმ დროს ვაიდეალებ: 2000-იანი წლების დამდეგს, როცა თბილისში სტუმრად მყოფ,  ლონდონსა და ვაშინგტონში ხანგრძლივი ბრწყინვალე კარიერით მოღლილ და უკვე ასაკში მყოფ მელორ სტურუას ჟურნალისტმა ჰკითხა: თუ დარჩა რამე თქვენს ცხოვრებაში, რაზედაც გული გწყდებათ, მელორ სტურუამ გულწრფელად აღიარა: „ძალიან ვნანობ, თუკი შემეძლო ვინმეს რამეთი დავხმარებოდი და არ დავეხმარე. მერწმუნეთ, ცხოვრებაში ეს ყველაზე მთავარია!“ ისიც მახსოვს, თეატრალურ ინსტიტუტში ჩვენმა რექტორმა ეთერ გუგუშვილმა იმ ავბედით ოცდაჩვიდმეტ წელს დახვრეტილი მამამისის დამჭერი, უშიშროების მაღალჩინოსნის  ქალიშვილი ინსტიტუტში სამუშაოდ რომ მიიღო, თანაც, რექტორატში. თუმცა, სამწუხაროდ, ყოფილი მაღალჩინოსნის ასული მალე გარდაიცვალა მძიმე სენით. იყო დრო, როცა სრულიად უცნობ ადამიანებს ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლებიც ეხმარებოდნენ. უმაღლეს სახელისუფლებო ეშელონებში პრობლემას არაერთ სრულიად უცხო მთხოვნელს უგვარებდნენ. ეს თავიანთ საზოგადოებრივ მისიად მიაჩნდათ და ძალზე  ეამაყებოდათ. არაერთი ასეთი მაგალითის ჩამოთვლა შემიძლია.

მაია კობახიძეც, პირველ ყოვლისა, სწორედ ადამიანურ ცხოვრებისეულ კონტექსტში გახლდათ გამორჩეული. მაიკო თეატრალურ ინსტიტუტში გავიცანი. პირველი კურსის პირველივე ლექციაზე ბრწყინვალე პროფესორ ელენე თოფურიძეს შემოჰყვა ასისტენტად. თავადაც გვიკითხავდა ლექციებს. მერე ჩემს დასაც უკითხავდა. მერე იგორ პილიევს გაჰყვა ცოლად. იგორი კი ჩემი თანაკურსელი იყო. ყოველივე ამან ძალიან დაგვამეგობრა, თანამოაზრეებად გვაქცია. ჩვენი პირადი ურთიერთობა ჩვენი ოჯახების მეგობრობასა და ახლობლობაში ბუნებრივად გადაიზარდა. რამდენს ვმოგზაურობდით ერთად,  პიერ კობახიძის მშობლიური ხამისქურიდან დაწყებული მოსკოვით დამთავრებული. ვინ მოთვლის უამრავ შეხვედრებსა და ღონისძიებებს. ჩვენი ოჯახის წევრებიც ერთად  ისვენებდნენ სინოპსა თუ ბობოყვათში. მაია და იგორი ჩვენი სამეგობრო წრის გენერატორები იყვნენ. მათთან სამზარეულოში ხშირად ლამის გათენებამდე ვისხედით. ბატონი ბადრიც გვიერთდებოდა. რამდენს ვკამათობდით, ვმსჯელობდით, რას აღარ განვიხილავდით – პროფესიულად და პიროვნულად ვიზრდებოდით.

ინსტიტუტის მერე ყოველი შეხვედრისას მთხოვდა, დისერტაციის დაცვას ნუ აგვიანებო. ლენინგრადის ასპირანტურაშიც მისი ძალდატანებით ჩავაბარე.

მახსოვს, ერთ-ერთ საკავშირო  თბილისურ ფესტივალზე, მარჯანიშვილის თეატრში მარკ ზახაროვის მიერ „ლენკომში“ დადგმული შექსპირი წარმოადგინეს. სპექტაკლის მერე, განხილვაზე სიტყვა მაია კობახიძეს მისცეს.  მან საოცარი ტაქტითა და კომპეტენტური სიღრმით სპექტაკლი, რომ იტყვიან,  მიწასთან გაასწორა. აუდიტორია გატრუნული უსმენდა. მარკ ზახაროვი გაფითრებული. ამ ყოველივეთი უკმაყოფილო გიგა ლორთქიფანიძე, როგორც ქართული თეატრის თავკაცი, მასპინძლურ დისკომფორტსა და წყრომას ვერ მალავდა. მაიას ის გამოსვლა არამარტო თეატრალური კრიტიკის, არამედ  თეატრალური ფილოსოფიისა და ორატორული ხელოვნების ანუ ელოკვენციის  უმაღლესი სტანდარტი გახლდათ. უთუოდ უნდა გავიხსენო თეატრის  მოღვაწეთა კავშირის ერთ-ერთი ყრილობაც, მაშინდელი უზენაესი საბჭოს (ამჟამინდელი პარლამენტის) პლენარულ დარბაზში რომ გაიმართა. სწორედ იმ ყრილობაზე დადგა გრიგოლ რობაქიძის  რეაბილიტირების საკითხი. ყრილობის  დამსწრეთა შორის მეც გახლდით და დარბაზში მაიას გვერდით ვიჯექი. ბატონი ბადრი, როგორც სპიკერი, პრეზიდიუმიდან წარმართავდა თეატრალთა იმ მეტად  წარმომადგენლობით  თავშეყრას.  ყრილობის მაღალი ტრიბუნა  მაია კობახიძესაც დაეთმო. როგორც ყოველთვის, მისი ის გამოსვლაც  აღსავსე იყო  საქმიანი პრინციპულობით  და საგულისხმო  მესიჯებით.  სიტყვა არაერთხელ შეაწყვეტინეს ტაშით. საღამოს კი, ტრადიციულად,  კობახიძეებთან სახლში შევიკრიბეთ. ბატონი ბადრიც შემოგვიერთდა. რაღაც მომენტში მომიტრიალდა და მითხრა: – იცი, დღეს მაიკოს გამოსვლისას  პრეზიდიუმიდან დარბაზში თვალს არ გაცილებდი. ჩუმად გტესტავდი. ეგებ რაღაც შური შემემჩნია. შენ კი სკამის საზურგიდან წინწამოწეული  გაფაციცებით უსმენდი და თანხმობის ნიშნად უნებურად თავს უქნევდი. ყოჩაღ, მაიკოსთან შენს ნაღდ ურთიერთობაში  საბოლოოდ დავრწმუნდი და  გამეხარდა. არ გეწყინოს – მამა ვარ და მაინტერესებდა, ჩემი შვილი მეგობარში ხომ არ ცდებოდაო.

მაია კობახიძის სამეცნიერო ჰიპოსტასის საილუსტრაციოდ მისი დისერტაციის გახსენებაც კმარა. თემა აბსურდის თეატრს, კონკრეტულად კი ჰაროლდ პინტერის შემოქმედებას ეხებოდა. აბსურდის მიმდინარეობა იმ საბჭოთა დროში  ჩვენთან ბურჟუაზიულ იდეოლოგიად ითვლებოდა და იკრძალებოდა ისევე, როგორც  ომის შემდგომი ევროპული   ინტელექტუალიზმის სხვა განშტოებები. დასავლეთში უკვე კლასიკად ქცეული ის განშტოებები ჩვენში მაშინ ახალი, „ეგზოტიკური“ და თან, უიშვიათესი  ხილი იყო.  ერთადერთი, რაც  მათ შესახებ ინფორმაციას იძლეოდა, იყო მოსკოვში ლამის დისიდენტურად და ძალზე მცირე ტირაჟით გამოცემული ბრწყინვალე კრებული „სცენაზე და კინოში“. ეს გახლდათ ლონდონის გაზეთ „ობზერვერის“ მიმომხილველის, კენეტ ტაინენის  გენიალური სტატიების რჩეული, რომელიც ძალზე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. ჩვენს საჯარო ბიბლიოთეკას ერთადერთი ეგზემპლარი გააჩნდა და მასზე  ნამდვილი ნადირობა იყო გაჩაღებული. ამ  ფონზე, მაშინდელი პროგრესული პერსონების ძალისხმევით, ნიკო ყიასაშვილთან და გელა ჩარკვიანთან შტუდირებული ბრწყინვალე ინგლისურით,  მაია კობახიძე პირადად ჰაროლდ პინტერთან  სტაჟირების გასავლელად  და  დისერტაციის  მოსამზადებლად ერთი წლით  ლონდონში მიავლინეს.

დისერტაციის დაცვა თბილისში  ნამდვილი კულტურული შოკი იყო. საკავშირო სივრცეში კი პრეცედენტი გახლდათ და მას თითქმის მთელი საბჭოთა კავშირის  ინტელექტუალური ელიტა  ესწრებოდა. თეატრალური ინსტიტუტის მეოთხე  სართულის  სააქტო დარბაზში   ფეხზე დასადგომი ადგილიც არ იყო. სპეციალურად ჩამოსულ სტუმართა  არნახული რაოდენობის გათვალისწინებით, მაიამ მსჯელობა რუსულ  ენაზე სპონტანურად  წარმართა. შეკითხვებსა და კამათს ბოლო არ  უჩანდა. დისერტანტი ძალზე ღრმად და არგუმენტირებულად, თან, მომხიბვლელი შარმით  პასუხობდა. არ ვაჭარბებ, ეს ნამდვილი ტრიუმფი იყო!

შემდეგ მაია  შეერთებულ  შტატებში  მიიწვიეს ხანგრძლივ პროფესიულ  პრაქტიკაზე. მერე კი პარიზში. სხვათა შორის,  სწორედ  მაიკოს თარგმნილია ქართულად გიორგი ტოვსტონოგოვის შესანიშნავი წიგნი „რეჟისორის პროფესია“. წიგნი, რომელსაც დღემდე  არ დაუკარგავს  ქრესტომათიული მნიშვნელობა.

სხვა დანარჩენთან ერთად, მაიკოს ბადრისგან მემკვიდრეობად  ადამიანური კავშირების უმდიდრესი სპექტრი და ვრცელი გეოგრაფია ერგო. უამრავ მეგობართა შორის  გამორჩეულად ღირსეული  მიხაილ შვიდკოი გახლდათ. როცა ბადრი გარდაიცვალა, ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე  მიმავალმა  მიხაილ ეფიმიჩმა  მარშრუტი მყისიერად შეცვალა – მოსკოვიდან  ჯერ თბილისში ჩამოფრინდა ნახევარი საათით, დაკრძალვამდე მეგობრის  ცხედარს გამოეთხოვა და სასწრაფოდ უცხოეთში გაფრინდა. როცა შვიდკოი საქვეყნოდ ცნობილი  ჟურნალ „თეატრის“ რედაქტორი გახლდათ, მის შემოქმედებით ლაბორატორიაში  საკავშირო სემინარზე  თბილისიდან  მაიკო და მე გაგვაგზავნეს. მაშინ  მართლაც დიდი სკოლა გავიარეთ არამარტო პროფესიული, ადამიანური თვალსაზრისითაც. მათთან სახლში (ტვერსკაიაზე ცხოვრობდნენ, ახალი „MXAT“-ის მოპირდაპირედ) სადილად მიგვიწვია   შვიდკოის  მეუღლემ – მარინამ (მკითხველს შევახსენებ: მარინა გია   დანელიას „მიმინოში“  ის სტიუარდესაა, რომლის გამოც ბუბა კიკაბიძის პერსონაჟი მზად არის თვითმფრინავიდან  გადახტეს). სხვათა შორის, ჩვენი პატრიარქის 80 წლის იუბილეზე სტუმრად ჩამოსული  მიხაილ ეფიმიჩი  საპატრიარქოში ღამის 12 საათზე  ბანკეტის დასრულებისას ვნახე. მისი სემინარები მოვაგონე. მაიკოც მოვიკითხე. რაკი ჩვენს ამ შეხვედრას თვით უწმინდესიც შეესწრო, მაღალ სტუმარს მართლაც უნიკალური ფაქტი გავუმხილე: – იცით, მე, აბსოლუტურად რიგით ებრაელს, პლანეტარული ავტორიტეტის მქონე ჩვენი მართლმადიდებელი პატრიარქი ყურადღებას და ნუგეშს არ მაკლებს-მეთქი. სახეგაბადრულმა უწმინდესმა ბავშვივით დაიმორცხვა.  შვიდკოიმ გაიღიმა და პატრიარქს მხარზე ეამბორა.

კულტურის სამინისტროში მინისტრის პირველ  მოადგილედ  მაიას დანიშვნა გაზეთ „დრონში“ ჩემს ჟურნალისტურ პერიოდს დაემთხვა. მაშინ მინისტრის პოსტზე ვალერი ასათიანი დათო მაღრაძემ შეცვალა. ჩვენი კულტურის თვალსაჩინო  წარმომადგენლები ძველი ინერციით თუ ახალგაზრდა მინისტრისა და მისი პირველი მოადგილისთვის  შეგნებულად გვერდის ავლით, საქმეს  კვლავ ვალერი ასათიანთან იჭერდნენ, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვან სირთულეებს ქმნიდა. მტკიცედ გადავწყვიტე – ფარული საბოტაჟი გაზეთით გამესაჯაროვებინა. ეს ჩემი პრინციპული ჟურნალისტური და პიროვნული პოზიცია იყო – აბსოლუტურად დისტანცირებული  ყოველგვარი პირადი ურთიერთობებისგან.

მერე კი მაიამ  კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის  პოსტი დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. სხვათა შორის, იქ იაპონური ენა შეისწავლა. ბოლოს კი სატელევიზიო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის  პრეზიდენტად აირჩიეს.

ჩვენ კი, მისი თბილისელი მეგობრები, სასტიკი ცხოვრების პირისპირ დარჩენილები,  დავიშალეთ და  დავცალკევდით.

უცნაურია, სახეზე ბავშვური უშუალობა და სინორჩე მაიას ბოლომდე  შერჩა. ეს მისი ქარიზმა იყო. არ მახსოვს, ვინ მითხრა ერთხელ, მაია კობახიძეს რომ ვუყურებ, მარადიული ბავშვობის ნამდვილად მჯერა. მისი დაბერება ვერ წარმომიდგენიაო.  ეტყობა, ასე მალე რომ უნდა წასულიყო, იმიტომ იცხოვრა  ძალზე ტევადი, საინტერესო და  სისხლსავსე ცხოვრებით. თითქმის ყველაფერს მოესწრო, სიბერის გარდა. ამ ყოველივეზე წიგნიც კი დაიწერება.

ამბობენ,  ადამიანმა გაჭირვება თავად თუ არ გამოიარა, სხვის უბედურებას ვერ გაიგებს, ვერავის დაეხმარებაო. სამწუხაროდ, ასეთია უბედურების სპეციფიკა. მაგრამ მაიას შემთხვევაში ეს ცხოვრებისეული თეზა გამორიცხული იყო. პარადოქსია, მაგრამ პიერ და ბადრი კობახიძეების დედისერთა,  ნებიერ შთამომავალს ადამიანების და მათი მძიმე პრობლემების კარგად ესმოდა. როცა პოლიტიკურმა რეალობამ ჩვენს ოჯახს თავს იმგვარი სისასტიკე დაატეხა, თვით „სისასტიკის თეატრის“ მამას, ანტონენ არტოს ვერც დაესიზმრებოდა, პროფესიას ჩამოვცილდი, წერა საერთოდ შევწყვიტე. ჩემთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა. მაიკო მოსკოვში კარგა ხნის გადასული იყო. ერთ–ერთ  ჩამოსვლაზე, უხერხულობა რომ  არ მეგრძნო, გოგი ყაჯრიშვილს ჩემთვის თანხა დაუტოვა, რომ გავემგზავრები, მერე გადაეციო. ვიცი, რომ მატერიალურად ჩვენს აწ გარდაცვლილ კოლეგასაც ეხმარებოდა.

თბილისში რომ დარჩენილიყო, არ ვიცი, ურთიერთობები როგორ გაგრძელდებოდა. ზემოაღნიშნული ამბების მერე ხომ ეპოქა რადიკალურად შეიცვალა, სამყარო ხომ უკიდურესად გასასტიკდა. ეს ყოველივე კი ადამიანებზე  დაილექა და აისახა, რადგან  ცხოვრება  ცხოვრებაა და დროს თავისი ულმობელი კანონები აქვს. მაგრამ არ მინდა ამ შემზარავ რეალობაზე ფიქრი. მთავარია,  რომ მაიკომ თბილი  მოგონებები და პოზიტიური ენერგეტიკა უხვად დამიტოვა. რაც ესოდენ ვრცელ წერილში ანუ მის სახელდახელო პორტრეტში მოვიხმე, ზღვაში წვეთია და  ამისთვის უღრმესი მადლობა მას. სამწუხაროდ, ჩვენი პროფესიის სპეციფიკიდან  გამომდინარე,  თეატრმცოდნეები სულ სხვებზე წერენ. თეატრმცოდნეებზე არავინ წერს. ჩემი ამ წერილის მოცულობა სწორედ ამ  სამწუხარო სპეციფიკამ განაპირობა.

 

მარინა ბუზუკაშვილი