მაიკლ მაკფოლი - რუსეთთან საუბარს მე დავიწყებდი მოთხოვნით, გაიყვანოს სამხედრო ძალები დნესტრისპირეთიდან, უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდბელობის აღიარება, გავიდეს ყირიმიდან [ვიდეო] #მსოფლიოსამბები

რუსეთის პრეზიდენტი კვლავ დაჟინებით ითხოვს დასავლეთისგან გარანტიებს, რომ ნატო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს საკუთარ რიგებში არ მიიღებს. კრემლში აცხადებენ, რომ ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია რუსეთისთვის. ამ ფონზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი გამოვიდა ინიციტივით, რომ 12 იანვარს გაიმართოს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა. უკრაინის საზღვრების სიახლოვეს კი კვლავას რჩება 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე. რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლის თარიღს ემთხვევა.

რას ფიქრობს რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნებზე და აშშ-ის საპასუხო ნაბიჯებზე ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი, რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის ერთ-ერთ ავტორი და რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი. სწორედ ის გახლავთ დღეს ჩვენი სტუმარი.

 

ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთი მოთხოვნებს უყენებს დასავლეთსა და ნატო-ს. ასევე ვხედვათ, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებით იმუქრება. თქვენ წლების განმავლობაში მუშაობდით რუსეთში. როგორ ფიქრობთ, ეს მუქარა რეალურია? შეუძლია რუსეთს ევროპაში ახალი ომის დაწყება? რა იქნება საპასუხო რეაქცია დასავლეთისგან?

პუტინი ემუქრება უკრაინას, რათა დასავლეთისგან და თავად უკრაინისგანაც დათმობები მიიღოს. რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს არა უკრაინის ნატო-ს წევრობა, არამედ  დემოკრატიული უკრაინა. ამას წყალი არ გაუვა. პუტინმა თავად გამოიგონა ეს კრიზისი. ნატო არ აპირებდა უკრაინის მიღებას და ბაიდენის ადმინისტრაციაშიც ამ საკითხზე პოლიტიკა არ შეცვლილა. ეს კრიზისი არის პუტინის მიერ შექმნილი. მეორე საკითხია, რომ ახლა მან ფსონები გაზარდა, როდესაც გამოაქვეყნა აშშ-სთან და ნატო-სთან შეთანხმების პროექტები, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებას ეხება. აშშ-ის მთავრობაში ხუთი წელი ვმუშაობდი  და რუსებთან მოლაპარაკებებში ვიყავი ჩართული, სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებისა და რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე. დიპლომატიაში ძალიან უჩვეულოა, როდესაც ერთი მხარე საკუთარ პოზიციას დროზე ადრე ასაჯაროებს… როგორც წესი, მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მხოლოდ მას შემდეგ ხდება საჯარო, როდესაც ყველა მხარე შეთახმდება. რუსეთის მიერ შეთანხმებების პროექტების  წინასწარ გამოქვეყნება ნიშნავს, რომ პუტინი არ არის სერიოზულად განწყობილი და დოკუმენტებს ულტიმატუმად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომის, აგრესიის გაგრძლებისთვის, რომელიც რუსეთმა ჯერ კიდევ 2014 წელს წამოიწყო. სწორედ ეს მანერვიულებს, რადგან სერიოზულად არ გამოიყურება, როდესაც ასაჯაროებ შენს მიერ შედგენილ შეთანმხება და სთხოვ მეორე მხარეს, ხელი მოაწეროს.  თუმცა, ვფიქრობ რომ რუსეთის წინადადება განხილვად ღირს. აშშ-მა, ევროპელმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უნდა უპასუხონს რუსეთის წინადადებებს. ეს  ორი გზით უნდა მოხდეს. უპირველეს ყოველისა, უარი უნდა ვთქვათ შემოთავაზებულ ფორმატზე. პუტინს სურს იალტის კონფერენციის ხელახლა მოწყობა და ევროპის უსაფრთხოების ბედზე ვაშინგტონთან შეთანხმება, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოებაზეც. მას უნდა, რომ ვაშინგტონმა და მოსკოვმა გადაწყვიტონ, რა მოუვათ სხვებს. რუსეთს ბრიტანელების ჩართვაც კი არ სურს. ეს კი ნამდვილად მიუღებელია. ამას არ უნდა დავთანხმდეთ. ევროპის უსაფრთხოებზე ევროპელების გარეშე ვერ მოილაპარაკებ. ახალი იალტას ნაცვლად, ახალი ჰელსინკი უნდა მოვაწყოთ. ჰელისინკის დასკვნითი აქტი  1970-იან წლებშია მიღებული და ამ მოლაპარაკებაში ჩართული იყო ყველა ევროპული ქვეყანა. ასეთი ფორმატი გულისხმობს  საქართველოსა და უკრაინის ჩართულობას და სწორედ ეს გახლავთ სწორი ფორმატი. მეორე საკითხი უკავშირდება მოლაპარაკების არსს. პუტინმა უკვე ჩამოაყალიბა საკუთარი მოთხოვნები. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ბაიდენმა, სხვა  ევროპელმა ლიდერებმა უნდა ჩამოთვალონ ის, რაც მათი აზრით გააძლიერებს ევროპის უსაფრთხოებას.  მე დავიწყებდი მოთხოვნით, რომ რუსეთმა გაიყვანოს სამხედრო ძალები დნესტრისპირეთიდან, წაიღოს უკან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდბელობის აღიარება და შეწყვტიოს საქართველოს ამ ნაწილების სამხედრო მხარდაჭრა, რათა გაჩნდეს შესაძლებლობა რეალური მოლაპარაკების დაწყებისა საქართველოს გაერთიანების შესახებ. რუსეთი უნდა გავიდეს ყირიმიდან, რადგან ეს არალეგალური ანექსია იყო და ეს ტერიტორია ეკუთვნის უკრაინას; რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, გაიყვანოს „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები კალინინგრადიდან, რაც დესტაბილიზაციურია ევროპის უსაფრთხოებისთვის. როგორც გვახსოვს, ჰელსინკის დასკვნით აქტში საუბარია არა მხოლოდ ქვეყნების, არამედ ინდივიდუალური პირების უსაფრთხოებაზეც. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პრინციპია. ამიტომ, რუსეთმა უნდა შეწყვტოს ინდივიდუალური პირების მკვლელობა, იქნება ეს ლონდონში – ლიტვინენკო, სოლსბერიში  – სკრიპალი, თუ ბერლინში მომხდარი მკვლელობა, ასევე მკვლელობები, რომლებიც რუსეთში მოხდა. მაგალითად ბორის ნემცოვის მკვლელობა მოსკოვში და ალექსეი ნავლანის მკვლელობის მცდელობა ტომსკში. ყველა ჩამოთვლილი ქმედება, ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ არის მიმართული და რუსეთმა ეს უნდა შეწყვიტოს. შემიძლია, ეს სია დიდხანს გავაგრძლო, რაც აჩვენებს, რომ პუტინის რუსეთი დღეს ევროპის უსაფრთხოებისთვის მთავარ დესტაბილიზაციურ ძალას წარმოადგენს. თუ ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, მაშინ ჩემს მიერ ჩამოთვლილი აგრესიული აქტები უნდა იყოს განხილული.

როგორ აფასებთ ბაიდენის ადმინისტრაციის ნაბიჯებს, მათ შორის წინადადებას, რომ ნატო-ს წევრებისა და რუსეთის მონაწილეობით დიალოგი დაიწყოს? რამდენად სწორი ნაბიჯი იყო ნატო-ს მხარედ დასახელება რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტში?

ჩემი შეხედულებით, ეს არ არის სათანადო ადგილი შეხვედრისთვის. მეტიც, ეს ზუსტად ის არის, რაც რუსეთს სურს. ამ გზით  რუსეთს გავუთანაბრებთ მთელ ჩრდილოატალანტიკურ ალიანსს. ეს ის სიმბოლიზმია, რომელიც არ მომწონს. მეორე საკითხი – უკრაინა ნატო-ს წევრი არ გახლავთ. მაშინ რატომ მართავს ალიანსი მოლაპარაკებას უკრაინის უსაფრთხოებაზე და თან უკრაინის სახელით? ეს ნამდვილად არ არის სწორი ადგილი მოლაპარაკებისთვის. ჩემი მოსაზრებით, ეუთო იქნებოდა სწორად შერჩეული ადგილი. უკრაინა, რუსეთი და აშშ-იც ეუთოს წევრები არიან. ამიტომ ეს იქნებოდა სათანადო ადგილი შეხვედრისთვის.

თუ ხედვათ მსგავსებას უკრაინაში არსებულ სიტუაციასა და საქართველოში 2008 წლის ზაფხულში არსბულ ვითარება შორის?

დიახ, ჩემი აზრით ძალიან ბევრი მსგავსებაა. მეტიც,  მჯერა, რომ 2008 წლის საქართველოსა და დღეს უკრაინის საზღვართან ახლოს არსებულ ვითარებას უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე იმ სიტუაციას, რომელიც 2014 წელს გახლდათ უკრაინაში. პუტინს სურს პროვოკაცია.  არ მჯერა, რომ მას ევროპის უსაფრთხოებაზე სერიოზულად სურს ლაპარაკი, რადგან ასეთ შემთხვევაში ის შეთანხმებების პროექტებს არ გაასაჯაროებდა. მან არაერთხელ ისაუბრა უკრაინელი სამხედროების ქცევაზე. ის სულ იმეორებს, რომ უკრაინელები პროვოკაციულად იქცევიან. ეს მახსენებს 2008 წლის გაზაფხულზე საქართველოში არსებულ მდგომაროებას და აგვისტოს ტრაგიკულ მოვლენებს. ვშიშობ, პუტინი ეძებს საბაბს სამხედრო ძალის გამოყენებისთვის.

საკუთარ მემუარებში ჯო ბაიდენი, როდესაც ის ვიცე- პრეზიდენტი გახლდათ, ამბობდა, რომ პრეზიდენტ ობამას ურჩევდა, მეტი შეიარაღება გაეგზვანა უკრაინაში. მაშინ რატომ არის ბაიდენი დღეს უფრო ფრთხილი?

ეს კარგი შეკითხვაა. როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, პრეზიდენტი ჯერ კიდევ ბუში იყო. იმ დროს, როდესაც ჩვენი ადმინისტრაცია მოვიდა ხელისუფლებაში, ბუშს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, არ გაეგზავნა შეიარაღება და არ დაეწესებინა სანქციები რუსული კომპანიებისა და ინდივიდუალური პირებისთვის. ამის გამო ობამას ადმინისტრაციას გაუჭირდა ამ კურსის შეცვლა. ჩემი მოსაზრებით, აშშ-ი უკრაინის გამო რუსეთის წინააღმდეგ ომში არ ჩაებმება და ეს ყველასთვის გასაგებია. ამ საკითხზე ილუზიები არავის უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ უკრაინელებს უნდა ჰქონდეთ უფლება, გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა თავდაცვისთვის. ამიტომ, ჩემი აზრით, სწორი იქნება, თუ აშშ-ი გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარებას და მისცემს საშუალებას სხვა ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ უკრაინას, რათა მათ შეძლონ რუსეთის მიერ ესკალაციისა და ომის შეკავება. იმედი მაქვს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გადახედავს გადაწყვეტილებებს და გაზრდის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. ვფიქრობ, ამ საკითხზე დისკუსია ბაიდენის ადმინისტრაციაში უკვე მიმდინარეობს.

თქვენ მუშაობდით ობამას ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მრჩევლად. ჩვენ ყველას ჰილარი კლინტონისა და ლავროვის  გადატვირთვის ღილაკი. დღესაც ფიქრობთ, რომ ეს კარგი იდეა იყო, იმის გათვალისწინებით, რაც უკრაინაში ხდება?

დიახ, ასე ვფიქრობ. ჩემი აზრით, მკაფიოდ უნდა განვმარტოთ, რა მოუტანა რუსეთთან თანამშრომლობამ აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს და რა შეიცვალა შემდგომ. რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის გარშემო ბევრი მითები არსებობს. გადატვირთვა იყო მარტივი სტრატეგია, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებები გამართულიყო იმ საკითხებზე, რომლებიც, ობამას ადმინისტრაციის რწმენით, ამერიკის ეროვნულ ინტერესებში შედიოდა ორი წინაპირობით, რომ საქართველოს ან უკრაინას არ გავწირავდით და ჩვენს ღირებულებებს არ დავივიწყებდით. თუ გადავხედავთ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარმოთქმულ სიტყვას, სადაც მან ეს სტრატეგია განმარტა,  ვნახავთ, რომ ბაიდენი ხაზგასმით საუბრობს საქართველოსა და უკრაინაზე, მაგრამ ადამიანებს ავიწყდებათ. ისინი მხოლოდ პირველ წინადადებას კითხულობენ, რაც შეცდომაა. რა მივიღეთ გადატვირთვის შედეგად? ჩვენ მივიღეთ სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე შეთანხება, რომლის საშუალებითაც, მსოფლიოში ბირთვული არსენალი 30%-ით შემცირდა, მივიღეთ ჩრდილოეთის დისტრიბუციის ქსელი, რომელიც დაგვეხმარა ავღანეთში მყოფი ჩვენი ჯარისკაცების მომარაგებაში, მივიღეთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1929-ე რეზოლუცია, რომლითაც ირანს ყოვლისმომცევლი სანქციები დაუწესდა. ასევე ,დავითანხმეთ პრეზიდენტი მედვედევი, რომ ნატო-ს მიეცეს საშუალება, ძალა გამოიყენოს მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ლიბიაში. იმ დროს ჩვენ მივიჩნევდით, რომ ეს საჭირო იყო ლიბიაში გენოციდის შესაჩერებლად. ეს გახლავთ კონკრეტული შედეგები, რომლებიც, ჩვენი აზრით, პოზიტიური იყო აშშ-სთვის. შემდეგ მოხდა ორი რამ, რის გამოც ყველაფერი შეიცვალა. ერთ-ერთი გახლდათ პუტინის პრეზიდენტად დაბრუნება. მას თანამშრომლობა აღარ აინტერესებდა. და მეორე, პუტინის რეაქცია იმაზე, რასაც რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევდა ამერიკელების მიერ გაღვივებულ რევოლუციად. ჯერ არაბულ გაზაფხულით ცნობილ მოვლენებზე, შემდეგ 2011 წელს თავად რუსეთში და ბოლოს 2013 წელს უკრაინაში განვითარებულ პროცესებზე. აქვე მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ პუტინის ინეტრესების საწინააღმდგო რევოლუციას არ ვაღვივებდით არც ახლო აღმოსავლეთში, არც რუსეთსა და უკრაინაში. ეს არის მითოლოგია, რომელიც პუტინმა თავად გამოიგონა რუსეთში მხარდამჭერების მობილიზაციისთვის. სხვათაშორის, ეს მობილიზაცია ხდებოდა ჩემს წინააღმდეგაც. პუტინმა პირადად მე, აშშ-ის ელჩი რუსეთში, დამადანაშაულა, რომ ბარაკ ობამას დავალებით ვიყავი ჩასული რუსეთში, პუტინის რეჟიმის დასამხობად. დიახ, ჩემზეა საუბარი და არა რომელიმე აბსტრაქტულ პიროვნებაზე. ეს თავდასხმები ორ წელიწადზე მეტ ხანს მიმდინარეობდა და დღემდე გრძელდება. სწორედ ამიტომ დასრულდა თანამშრომლობა და არა ჩვენი ქმედებების გამო.

დავუბრუნდეთ უკრაინის საკითხს. მინდა, გკითხოთ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი -2“ -ზე, რომელზეც აშშ-ში ბევრს საუბრობენ. ნუთუეს გაზსადენი ისეთ მნიშვნელოვანა, რომ ამის გამო რუსეთი მზად არის, პრობელემები შექმნას უკრაინაში?

პუტინი შეპყრობილია უკრაინით, რადგან ის ვერ დაუშვებს რუსეთის საზღვრებთან მოქმედ დემოკრატიას. განსაკუთრებთ კი დემოკრატიას იმ ერსა და ხალხში, რომელიც კულტურულად და ისტორიულად  რუსეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში მისი არგუმენტი, რომ რუსეთს დიქტატურა   და მკაცრი მმართველი სჭირდება, უბრალოდ გაბათილდება. უკრაინელები თუ შეძლებენ ქვეყნის დემოკრატიულ მართვას, ეს პუტინის ავტოკრატიას დაემუქრება. ამიტომაცაა უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ და სხვა ნებისმიერი საკითხი. აშშ-ში დიდ შეცდომას უშვებენ, როდესაც ფიქრობენ, რომ რადგან რაღაც არ არის რაციონალური რუსეთისთვის, პუტინი ამას არ გააკეთებს. ვფიქრობ, საქართველოში ასე არ ფიქრობენ, რადგან თქვენ უკეთ აანალიზებთ სიტუაციაც, ვიდრე ჩვენ, აშშ-ში. იმის თქმა მინდა, რომ პუტინი არ არის რაციონალური. ის ემოციური და იდეოლოგიური ლიდერია. პუტინი ფიქრობს, რომ ღმერთმა აარჩია რუსეთის იმპერიის ასაღორძინებლად და სლავი ხალხის გასაერთიანებლად. ეს მას საჯაროდაც არაერთხელ უთქვამს. ასეთი იდეები კი რაციონალურ ლიდერებს არ აქვთ, ეს უფრო სახიფათო იდეებით მოტივირებული ნააზრევია. პუტინი დიდ რისკზე მიდის ამ იდეების გასატარებლად. ამიტომ მოსაზრება, თითქოსდა პუტინი სამხედრო ინეტრევენციაზე გაზსადენის გამო უარს იტყვის, სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, ასევე არ მჯერა, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრა უკვე გადაწყვეტილი აქვს. ვფიქრობ, ის ჯერ კიდევ ელოდება, ძალის გამოყენების მუქარით რა დათმობების მიღება შეუძლია ვაშინგტონისგან, ბრიუსელისგან და კიევისგან, თუმცა მოსაზრება, რომ ძალას არ გამოიყენებს, რადგან რაციონალური არაა, პუტინის ქცევის არასწორი შეფასება გახლავთ.

დაბოლოს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წელი გავიდა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა რუსეთში, ჩვენს სამეზობლოში. აქვს კი პუტინს შესაძლებლობა, რაიმე ფორმით აღადგინოს საბჭოთა კავშირი?

მე ვცხოვრობდი საბჭოთა კავშირში 1991 წელს, ვიყავი საბჭოთა კავშირში იმ დღეს, როდესაც დაიშალა. ჩემთვის ეს ეიფორიული და ფანტასტიკური მოვლენა გახლდათ, რადგან იყო საბჭოთა იმპერიის, მსოფლიოში უკანასკნელი იმპერიის დასასრული. ვისაც სჯერა დეკომუნიზაციის, ეროვნული დამოუკიდებლობის სუვერენიტეტისა და ქვეყნების ავტონომიის, ეს დიდი მოვლენა იყო. 30 წლის შემდეგ ეს ტრაგიკული მოვლენაა, ამას კი ორი მიზიზი აქვს. პირველი ისაა, რომ გარდამავალ პროცესს ძალიან ცოტა დემოკრატია თუ გადაურჩა. რუსეთის დემოკრატია ვერ გადარჩა. ჩვენ გვაქვს სამი დემოკრატია ბალტიისპირეთში, მაგრამ „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, ნაწილობრივ თავისუფალი, ელექტორალური დემოკრატიები გვაქვს საქართველოში, უკრაინაში და შეიძლება, სომხეთში. ვიმედოვნებდი, რომ 30 წლის შემდეგ ყოფილ საბჭოთა კავშირში გაცილებით მეტი დემოკრატია იქნებოდა. მეორე მიზეზი კი ის გახლვათ, რომ დღეს სულ მცირე სამი ქვეყნის სუვერენიტეტი შელახულია – მოლდოვა, საქართველო და უკრაინა. მათი სუვერენიტეტი შელახულია რუსეთის იმეპერიალიზმის გამო. თუმცა, მაინც ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი. არ მჯერა, რომ პუტინს აქვს საშუალება, აღადგინოს საბჭოთა კავშირი. ამაში დარწმუნებული ვარ.  უბრალოდ, მაღელვებს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებმა  შესაძლოა, კიდევ დიდხანს იტანჯონ ამ გაყინული კონფლიქტების ტყვეობაში, ვიდრე ძალაუფლება პუტინის ხელშია.

მსოფლიოს ამბები