ჭიათურაში მაღაროელებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა 24-პუნქტიანი მოთხოვნები გააჟღერეს. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება და ღირსეული ანაზღაურებაა. დასაქმებულები ამბობენ, რომ ხელფასის გაცემა მოპოვებული ნედლეულის ტონების მიხედვით უნდა მოხდეს და მნიშვნელოვანია საქმე შრომის ინსპექციამ შეისწავლოს. აქციის მონაწილეების თქმით, მაღაროების უმეტეს ნაწილში პროტესტის ნიშნად მუშაობა შეჩერებულია. დასაქმებულთა მოთხოვნების პასუხად, „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ ფეროშენადნობების ბაზარზე არსებული კრიზისის გამო მიმდინარე წელს, კომპანიას პროდუქციის ექსპორტი არ განუხორციელებია. მსოფლიო კრიზისის ფონზე, „ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომლებს შეცვლილ სამუშაო პირობას სთავაზობს, რათა კომპანიამ საქმიანობა არ შეაჩეროს და 3,382 თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩეს.