მაღაროელების პროტესტი

ჭიათურაში მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის დაწყებული დავა, სავარაუდოდ, სასამართლოში გადაინაცვლებს. როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ განმარტავენ, გაფიცულები დავის მოგვარების მიზნით შეთავაზებულ ყველანაირ მოლაპარაკებაზე უარს აცხადებენ, რის გამოც კომპანია სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

დამსაქმებელი თანამშრომლების პროტესტს და გაფიცვას უკანონოდ აცხადებს და აქციის მონაწილეებს სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლებაზეც აფრთხილებს. უკან დახევას არც მეორე მხარე აპირებს. ხელფასების ზრდის და შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ქუჩაში გასულმა მაღაროელებმა დღეს პროტესტის ახალ ფორმას მიმართეს.