ბოლო რამდენიმე კვირაა საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ტყის ხანძრები მძვინვარებს. საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჟირონდას რეგიონში ტყის ხანძრის გამო 12 ათასზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარს, რომელიც ათი ათას ჰექტარზეა გავრცელებული, ათასზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ესპანეთსა და პორტუგალიაში ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა. მალაგას პროვინციის კურორტ მიხასიდან 3 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ესპანეთის კარლოს მესამის სახელობის ჯანმრთელობის ინსტიტუტის ცნობით, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო კვირების განმავლობაში 360 დამიანი დაიღუპა. პორტუგალიაში დამწვარია 40 ათასამდე ჰექტარი ტყე. ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა მაროკოშიც, სადაც სულ მცირე ერთი ადამიანია დაღუპული.