მაღალი დონის შეხვედრები ბრიუსელში

საქართველო ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინში.

კითხვარის ორივე ნაწილის შევსების შემდეგ ბრიუსელში პრემიერი ღარიბაშვილი ევროკავშირის ლიდერებს ხვდება. უნდა ელოდოს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ივნისის ბოლოსთვის – ეს შეხვედრების მთავარი თემაა. ევროპული საბჭოს და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან საუბრების შემდეგ გზავნილები ოპტიმისტურია. წინასწარი შეფასებები არ კეთდება, თუმცა არის დაპირება, რომ ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის – მიმართ გადაწყვეტილებები დაჩქარებული პროცედურებით იქნება მიღებული. როგორც ირკვევა, საქართველოს პრემიერს შეხვედრებზე კითხვები ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესზეც დაუსვეს. სანამ ევროკომისია საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარებს გაეცნობა და შესაბამის შეფასებას მოამზადებს, შემდეგ კი ევროპული საბჭო კონსენსუსზე დაფუძნებულ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, კეთდება მინიშნებები იმ სფეროებზე, რომლებსაც ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს – მათ შორისაა მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება.