ამ დრომდე გაურკვეველია, რაში იხარჯებოდა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნისგან საქართველოსთვის გამოყოფილი 95 მილიონი – არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამერიკულ მხარეს ენტონი ბლინკენის განცხადების შემდეგ, დეტალური განმარტებები არ გაუკეთებია. რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე, პროცესში სიცხადე დღეს ჯანდაცვის მინისტრმა შეიტანა. როგორც მიხეილ სარჯველაძე ამბობს, საუბარია 2 მილიონ ლარზე, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში კონკრეტული კვლევებისა და პროექტებისთვის იყო გამოყოფილი.
რამდენად შეეფერება სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის გადაწყვეტილება ამერიკა-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებსა და რას ემსახურება იმ ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეჩერება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე არსებობაც ყველაზე მეტად რუსეთს აღიზიანებს. „ქართული ოცნების“ შეფასებით, ამერიკული მხარის ქმედება მიუღებელია და პირდაპირ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ოპოზიცია კი შტატების გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას სრულად მმართველ გუნდს აკისრებს.