საინტერესოა, აისახება თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება ხვალ „ქართული ოცნების“ ოფისთან დაგეგმილ აქციაზე და მივლენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით ლევან ხაბეიშვილის მიერ დაგეგმილ შეკრებაზე პარტიის სხვა ლიდერები.
როგორც დღეს ადვოკატისგან ხდება ცნობილი, ყოფილი პრეზიდენტი აქციაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ეწინააღმდეგება. ოჯახის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შემდეგ ერთ-ერთ უცხოურ საიტზე უკვე ქვეყნდება მასალა ცენტრ „ემპათიის“ იმ დასკვნაზე დაყრდნობით, სადაც სააკაშვილის ციხეში მკურნალობა, დიაგნოზების დაკონკრეტების გარეშე, შეუძლებლად არის მიჩნეული და უცხოეთის კლინიკაში გადაყვანაა მოთხოვნილი. დასკვნაში საუბარია ექს-პრეზიდენტის მოწამვლაზეც. სწორედ ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად და ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად დღეს კლინიკა „ვივამედში“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა და პატიმარს სინჯები აუღო.