ხელოვნების მუზეუმის ახალი კორპუსი 18 მაისს მხატვარ ლევან ლაღიძის მასშტაბური რეტროსპექტიული გამოფენით გაიხსნება. ექსპოზიცია სახელწოდებით „ფერწერა“ 100-ზე მეტ ფერწერულ ტილოს აერთიანებს, რომელთა მესაკუთრეები თავად ავტორი და 50-მდე კერძო კოლექციონერები არიან. გამოფენაზე წარმოდგენილია ორი ნამუშევარი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდანაც. ლევან ლაღიძე XX საუკუნის 80-იანელთა თაობის წარმომადგენელია. ტერმინ „80-იანელთა თაობის“ დამკვიდრებაც სწორედ მას უკავშირდება. 2011 წელს მხატვარმა თბილისში საკუთარი გალერეა გახსნა. ლონდონში კი მისი პერსონალური გამოფენები ყოველწლიურად იმართება. გამოფენა ხელოვნების მუზეუმში 18 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.