რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება განხილვის საგანია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სერგეი ლავროვი მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიაროს. ხელისუფლების ოპონენტებს კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ წარმოუდგენიათ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება პოზიტიური გზავნილია, თუმცა ამავე დროს „ქართული ოცნების“ ლიდერები განმარტავენ, რომ არ უნდა დავივიწყოთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომავალი საფრთხეები. გარდა ამისა, უმრავლესობის წევრები ხაზს უსვამენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი, შერიგების გზით აღდგენას.
შეგახსენებთ, სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუ ეს ქვეყნები თავად იქნებიან დაინტერესებული, მათ შორის თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფის საკითხშიც.