„ეკონომიკა იზრდება და ლარის კურსის გაუფასურება ფუნდამენტურ ფაქტორებთან არ არის დაკავშირებული,“ – ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. მიხელ დუნდუას განმარტებით, კურსის გაუფასურებაზე მოქმედებს დროებითი აჟიოტაჟური პროცესები. მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა, კურსი შედარებით დასტაბილურდა. ამ დროისთვის სავალუტო ბაზარზე 1 დოლარი, საშუალოდ, 2 ლარი და 87 თეთრი ღირს.