სპორტული ჟურნალისტების ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენია. 42-წლიანი პაუზის შემდეგ, ნაპოლისა და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პირველი ფეხბურთელია, რომელიც ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. გამარჯვებულები კიდევ რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდა.
ძალოსან ლაშა ტალახაძეს 21-ე საუკუნის დასაწყისის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო გადაეცა. საქართველოს საუკეთესო სპორტსმენებისა და სპორტული მოვლენების ტრადიციული დაჯილდოება „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ გაიმართა. ორგანიზატორი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია იყო, რომელიც გამოკითხვას 1964 წლიდან ატარებს.