კუდ-ის ორი ყოფილი თანამშრომელი წლების შემდეგ აღიარებს, რომ ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსი 14 წლის წინ დასჯის მიზნით დააკავეს.
საუბარია ჯემალ შამათავაზე, რომელიც 2006 წელს ურეკში ბადრი პატარკაციშვილის სახლთან მისი დაშინების მიზნით დაგეგმილი თავდასხმის მომზადების საქმეში ფიგურირებს. გამოძიების ცნობით, ბიზნესმენის სახლთან კუდ-ის მიერ დაგეგმილი გამაფრთხილებელი გასროლის გეგმა სწორედ შამათავამ ჩაშალა. თუ პროკურატურის ვერსიას დავეყრდნობით, ურეკის პოლიციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა პატარკაციშვილის გარემოცვა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა. ფაქტიდან რამდენიმე დღეში პოლიციის იმდროინდელი მაღალჩინოსანი ციხეში აღმოჩნდა, სადაც ექვსი წელი გაატარა.