კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, ევროპამ 200 მილიარდი ევროს ოდენობის შემოსავლები დაკარგა. ეს არის ის თანხა, რომლითაც ევროპის ქვეყნების ბიუჯეტი ტურიზმიდან ივსებოდა. დანაკარგის ანაზღაურებას, ევროკავშირის წევრები, ტურიზმის განახლების იმ სქემით ცდილობენ, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა. გეგმა ორ ეტაპს მოიცავს და პირველი ეტაპი დაავადების გავრცელების დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნას გულისხმობს. სქემის ამ ნაწილს, მწვავე რეაქციები მოჰყვა – განსაკუთრებით იტალიის მხრიდან, რომელიც პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა. დღევანდელი მონაცემებით, ახალი კორონავირუსით, მსოფლიო მასშტაბით, თითქმის 4 მილიონ-ნახევარი ადამიანია დაინფიცირებული, გარდაიცვალა 300 000-ზე მეტი პირი.