კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 2 000-მდე ადამიანი, მათგან 300-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა. მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალი კორონავირუსით სავარაუდოდ კიდევ 2700-მდე ადამიანია დაავადებული, თუმცა მათი დიაგნოზი ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის. ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა – 52 ადამიანი, ქალაქ უჰანშია, რომელიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია. დაავადების შემთხვევები დაფიქსირებულია პეკინსა და შანხაიშიც. კორონავირუსი ასევე გამოვლენილია სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდში, მალაიზიაში, ნეპალში, ვიეტნამში, აშშ-სა და საფრანგეთში.

ჩინეთის ქალაქ უჰანში, სადაც კორონავირუსის გამო კარანტინია გამოცხადებული, საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება. უხანში მყოფი ქართველები  მოამბესთან სატელეფონო საუბარში ყვებიან, რომ მკაცრად იცავენ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ავრცელებს, შესაბამისად, ისინი გარეთ გასვლისგან თავს იკავებენ და შინ რჩებიან. ჩინეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ამჟამად  უსაფრთხოდ იმყოფებიან და საკვების საკმარისი მარაგიც  აქვთ. ელჩის განცხადებით, საელჩო მათთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება.