საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მორიგი რეკორდული მონაცემი დაფიქსირდა. გასულ 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 16 000-ს მიუახლოვდა. ქვეყანაში ძირითადად „ომიკრონ“ შტამი ცირკულირებს. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, სპეციალისტები ყოველდღიური სტატისტიკის ზრდას ელოდებიან და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მთავარი რეკომენდაცია ისევ პირბადის ტარება და ვაქცინაციაა. იმუნიზაციის ტემპის გაზრდის მიზნით, 50 წელს გადაცილებული აცრილი პირებისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატის პროგრამა მომავალ თვეშიც გაგრძელდება. ამავე ასაკობრივი კატეგორიის პირებს, შესაძლებლობა აქვთ ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების შემდეგ ერთჯერადად კიდევ 100 ლარი მიიღონ – გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. მედიასთან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს კოვიდ პასპორტების საკითხზეც ისაუბრა, თუმცა მოგვიანებით, პირველ არხთან საუბარში განმარტა, რომ მოხდა მისი ნათქვამის ინტერპრეტაცია და რეალურად, მწვანე პასპორტების მიღებას არა უბრალოდ ყველა სიმპტომიანი ადამიანი, არამედ, კოვიდგადატანილი ის პირები შეძლებენ, რომლებსაც ტესტი გაკეთებული აქვთ, თუმცა ტესტირების შედეგი სხვადასხვა მიზეზის გამო, ბაზაში ასახული არ არის.