იმპიჩმენტის პროცედურის მეორედ დაწყების პარალელურად პრეზიდენტი მთავრობას წინასწარ აკომპლექტებს.
სალომე ზურაბიშვილმა ხუთი თვის წინ ინიცირებული ქარტიის გარშემო პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციები დაიწყო. ახლა მთავარი კითხვაა, ვინ იქნება პრეზიდენტის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული პრემიერობის კანდიდატი, რომელიც, როგორც ირკვევა, სალომე ზურაბიშვილს უკვე შერჩეული ჰყავს. თუ მის მიერ მომზადებულ ქარტიის პუნქტებს დავეყრდნობით, არჩევნების შემდეგ პრეზიდენტთან შეთანხმებით დაკომპლექტებული დროებითი კოალიციური მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც კონკრეტულ რეფორმებზე იმუშავებს, ერთი წლის შემდეგ კი ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუმცა თვეების შემდეგ ხელმომწერი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ქარტიის მთავარი პუნქტების აღსრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ე.წ. ტექნიკური მთავრობის იდეის კრიტიკას არ ერიდება ხელმომწერთა ნაწილი, მათ შორის გიორგი გახარია, რომელმაც დოკუმენტს ოთხი თვის დაგვიანებით მოაწერა ხელი.
ვის როგორ ესახება კოალიციური მთავრობის ფორმირება – პირველები სახელმწიფოს მეთაურს გვარამია-მელია-ხოშტარია-ჯაფარიძის კოალიციის ლიდერები ესტუმრნენ.