კონფერენცია მართლმსაჯულების შესახებ

„გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი“-  „იუესეიდის“ სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას თბილისმა უმასპინძლა. მასში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების, მთავრობის, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მართლმსაჯულებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის და მოწყვლადი თემების გაძლიერების მიზნით, მონაწილეებმა მიმოიხილეს საქართველოში არსებული სამართლის უზენაესობის ტენდენციები, მიღწევები და ინსტიტუციების გაძლიერების საუკეთესო პრაქტიკა. კონფერენციაზე ასევე ისაუბრეს ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე, მათ შორის – ბავშვთა, ქალთა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით. კონფერენციის მონაწილეებმა სტრატეგიული სამართალწარმოების გზით პოზიტიური შედეგების მისაღწევად მიზნები და სამომავლო ნაბიჯები განიხილეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და პრობლემებზე ისაუბრეს. მთავარ პრობლემებად იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი, ე.წ. კლანური მმართველობა და საკანონმდებლო პრობლემები დაასახელეს.