კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიების მიმართ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საჩივარი არ დააკმაყოფილა. კომუნიკაციების კომისიამ საკითხის განხილვისას აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უფასო საეთერო დრო თანაბრად ეძლევათ იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. თუ უფასო საეთერო დრო საარჩევნო ბლოკს ეძლევა, ეს დრო მასში გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის თანაბრად ნაწილდება. ამასთან, საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ ერთმანეთისგან განასხვავებს პოლიტიკურ პარტიას და საარჩევნო სუბიექტს. საარჩევნო სუბიექტი კი არის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტია, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ მიუთითებს პოლიტიკურ პარტიებზე და არა საარჩევნო სუბიექტებზე, შესაბამისად ამ განაწესის მიხედვით, უფასო საეთერო დროც თანაბრად ეკუთვნის იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ბლოკში იყვნენ გაერთიანებული, მათ შორის, მათ, რომლებიც მიმდინარე არჩევნებზე საარჩევნო სუბიექტებად არ დარეგისტრირებულან. ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.