წინასაარჩევნო სადავო ინიციატივას „ევროპული საქართველო“ ამჯერად პარლამენტიდან აჟღერებს.
საპარლამენტო უმცირესობა პარტიებს ახლა უკვე საპარლამენტო ფრაქციიდან მოუწოდებს, მემორანდუმის დონეზე დააფიქსირონ, რომ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევლენ. „ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების ნაწილის გარდა, მოწოდებას არავინ იღებს. მეტიც, ცალკეულმა ძალებმა დღეს ღიად თქვეს, რომ მათ პოლიტიკურ გეგმაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან „ევროპულ საქართველოსთან“ თანამშრომლობა არ შედის.
2020 წელს დაგეგმილი არჩევნების შედეგებამდე კოალიციებსა და მომავალ პოლიტიკურ კონფიგურაციებზე საუბარი ნაადრევად და ხელოვნურად მიაჩნია მმართველ გუნდს. შეთავაზების ავტორებმა ამ საკითხზე პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების დაწყების მზადყოფნაც გამოაცხადეს, თუმცა რეაქციებიდან გამომდინარე, კონსულტაციების გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.