გრიპის გავრცელების გამო, კლინიკების ნაწილში მიმართვიანობა გაზრდილია. იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ძირითადად არასრულწლოვანი პაციენტები ჰყავთ, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია.
ექიმების განცხადებით, გართულებებს ადგილი არ ჰქონია და პაციენტების რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის საჭიროება არ დამდგარა. რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოს, დღის განმავლობაში კლინიკას 30-35 პაციენტი მიმართავს, რომელთაგან უმეტესობა 20-დან 30 წლამდე ასაკისაა. ამ ეტაპზე ბოქსირებულ განყოფილებაში 18 პაციენტი იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მედიკოსი აცხადებს, რომ ქვეყანაში ძირითადად „ბე“ ტიპის ვირუსი ფიგურირებს და უმეტეს შემთხვევაში გართულებებს ადგილი არ აქვს, ვინაიდან პაციენტები შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს დროულად მიმართავენ.