ვნებათაღელვის და პროტესტის მიზეზი ხდება საავადმყოფოებში ორი კვირის წინ ამოქმედებული დაფინანსების ახალი მოდელი. საუბარია იარჯის სისტემაზე, რომელიც პაციენტის დიაგნოზის მიხედვით ყველა კლინიკისთვის თანაბარი ტარიფების დადგენას გულისხმობს, რაც თავის მხრივ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე მოქალაქის მხრიდან დამატებითი სერვისების მისაღებად თანხის გადახდას გამორიცხავს. თუმცა უკვე ფიქსირდება პირველი შემთხვევები, როცა ცალკეული ექიმები დიარჯის სისტემით დადგენილი ტარიფებით ოპერაციების ჩატარებაზე უარს ამბობენ. არგუმენტი ასეთია: დადგენილი ტარიფი მათ მომსახურების ხარისხიანად და რისკების გარეშე გაწევის შესაძლებლობას არ აძლევს. იმ ექიმებს შორის, რომლებიც ახალ მოდელს აპროტესტებენ, რამდენიმე ცნობილი მედიკოსიცაა, მათ შორის ვაჟა გაფრინდაშვილი. მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო ახალი სისტემის გადახედვას არ აპირებს. მეტიც, სამინისტრო იმ ექიმების საქმიანობის შესწავლას აანონსებს, რომლებიც დადგენილი ახალი ტარიფებით ოპერაციების ჩატარებაზე უარს ამბობენ.