კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა, სავარაუდოდ, მაისში გაიმართება
მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა, სავარაუდოდ, მონღოლეთში და ან ჰონკონგში მაისში გაიმართება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიჩიგანში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს სამ-ოთხ კვირაში შეხვდება. მისი თქმით, მოლაპარაკებების მიზანი, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება იქნება. ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, დატოვოს მოლაპარაკებების მაგიდა, თუ შეხვედრამ სასურველი შედეგი არ გამოიღო.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეა ტრამპთან შეხვედრამდე ბირთვული ცდების ჩასატარებელ პოლიგონს დახურავს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის პრეზიდენტის კანცელარია ავრცელებს. ამასთან ერთად, სეულში განაცხადეს, რომ ფხენიანი საათობრივ სარტყელს შეიცვლის და ორ კორეაში დრო ერთმანეთს დაემთხვევა. ეს განცხადებები სამხრეთ კორეის ლიდერმა 27 აპრილს გამართული ისტორიული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მუნ ჯე ინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ. მოლაპარაკებების შემდეგ ლიდერები სამშვიდობო ინიციატივით გამოვიდნენ.