უკრაინაში მიმდინარე ომის კიდევ ერთი მძიმე შედეგი გლობალური სასურსათო კრიზისია.
საერთაშორისო დიპლომატიის ძალისხმევის და მცდელობის მიუხედავად, მოსკოვი უკრაინულ პორტებში ჩაკეტილი მილიონობით ტონა მარცვლეულის ბლოკადას განაგრძობს. ექსპორტის შეფერხების შედეგად არაერთ ქვეყანაში ხორბლის დეფიციტის საფრთხეა. პროდუქციის ფასმა საკმაოდ იმატა. გლობალური გამოწვევის ფონზე პრევენციულ ზომებს იღებენ საქართველოში, რომელიც ხორბალს ძირითადად რუსეთიდან ყიდულობდა, თუმცა ფასების მკვეთრი ზრდის გამო ფქვილის შეძენაზე გადავიდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოყვანილი ხორბალი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ექსპორტზე აღარ გავა. ქართული ხორბალი საერთო მოხმარების 15%-ს შეადგენს.