ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მერაბ მორჩაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძე დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მას ბრალს, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე წარუდგენენ. მორჩაძე ერთ-ერთი მოზარდის ნათესავია, იგი ამბობს, რომ არ იცის, რისთვის დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე.
მერაბ მორჩაძის დაკავება განხორციელდა მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
მერაბ მორჩაძის ადვოკატი, ზაალ თავაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და დუმილის უფლებას იყენებს.