ხმაური იყო ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე. პოლიციამ მერიის პროექტის, „იაფი სახლის“ ფარგლებში აშენებული კორპუსებიდან დღეს დილით შეჭრილი ოჯახები გაიყვანა. პროცესი სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თვითნებურად შეჭრილები შენობის დატოვებას არ აპირებდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ბინების გათავისუფლება უკვე მოახერხეს.
იაფი სახლის ფარგლებში აშენებულ კორპუსებში დღეს 40-ზე მეტი ოჯახი თვითნებურად შეიჭრა. მათი განცხადებით, ისინი სოციალურად დაუცველები არიან, არ აქვთ საცხოვრებლები და ვერ იხდიან ბინის ქირას. ისინი ხელისუფლებისგან საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ბათუმის ვიცე-მერის განცხადებით, ეს კორპუსები განკუთვნილია სპეციალური კატეგორიისთვის და უკანონო შეჭრას არ დაუშვებენ.
„იაფი სახლი“ ბათუმის მერიის პროექტია. კორპუსები ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა და მრავალწლიანი გამოსყიდვის უფლებით უნდა გადაეცეს ოჯახებს, რომლებიც წლებია, ბათუმში ცხოვრობენ, არ აქვთ საკუთარი საცხოვრებელი და უფიქსირდებათ გარკვეული შემოსავალი, რომლითაც მოახერხებენ ყოველთვიურად ბინის გამოსყიდვისთვის გარკვეული თანხის შეტანას.