დიდი ალბათობით, მოლაპარაკების მეხუთე, დაგვიანებული რაუნდი ამ კვირაში გაიმართება. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტების და ოპოზიციის დიდი ნაწილის მიერ მანდატებზე უარის თქმის მიუხედავად, ორივე მხარე დიალოგის გასაგრძელებლად მზად არის. იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართეს, დღეს „პატრიოტთა ალიანსიც“ შეუერთდა. თუმცა, საპარლამენტო პროცედურებიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ საკითხის განხილვამ საგაზაფხულო სესიამდე გადაინაცვლოს და შესაბამისად განცხადებების ავტორებს დეპუტატის მანდატი მინიმუმ თებერვლამდე შეუნარჩუნდეთ. დიდი ალბათობით მეხუთე რაუნდზე გაირკვევა, მოლაპარაკების კარი დაიხურება, თუ მხარეები კომპრომისული შეთანხმების მიღწევას შეძლებენ.