ოთხწლიანი სამართლებრივი დავა დასრულებულია – საარბიტრაჟო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მომჩივანს, ანუ „ანაკლიის კონსორციუმს“ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 000 დოლარი აქვს გადასახდელი. არბიტრაჟმა კანონიერად მიიჩნია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 2020 წელს მთავრობამ ხაზარაძის კომპანიასთან 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა. სწორედ ამ ფაქტის უკანონობის აღიარებას ითხოვდა პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი. მისი კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ სახელმწიფოს მისთვის კომპენსაციის სახით ერთ-ნახევარი მილიარდი დოლარი მიეცა. თავის დროზე ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად ინვესტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების, კერძოდ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოძიების ვადების მრავალჯერადად დარღვევა დასახელდა, თუმცა, მამუკა ხაზარაძე ამ ნაბიჯს პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავდა. არბიტრაჟში დავის წაგების მიუხედავად, „ლელოს“ ლიდერი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს მაინც ხელოვნურად დაბლოკილად მიიჩნევს და საკუთარი უფლებების დარღვევაზე მიუთითებს.
თავდაპირველი ინვესტორის ხმაურიანი განცხადებების გამო, სტრატეგიული ობიექტის მშენებლობის საკითხი უკვე წლებია, პოლიტიკური დაპირისპირების საგნად არის ქცეული. არბიტრაჟის დადგენილებამ პოლიტიკურ განცხადებებს წერტილი მაინც ვერ დაუსვა.